пятница, 14 декабря 2012 г.

თანამედროვე ფაშიზმი




ბრძოლა საბოლოო გამარჯვებამდე დიდი ქართული გაზაფხულისათვის!

ვინც კარგ დროს ელოდება - ცუდს ახანგრძლივებს

ამ საკითხზე დიდი ხანია ვფიქროდა რაც დრო გადის, მით მეტად ვრწმუნდები, რომ საქართველოში ძლიერდება XXI საუკუნის ფაშიზმი.

ეს განწყობა კიდევ უფრო გამიძლიერა ეროვნული - „წარმომადგენლობითი სახალხო კრების“ წინა და შემდგომმა პერიოდმა. კრებამდე სრული იგნორირება,  - არაფერი გვათქმევინეს სახელისუფლებო ტელევიზიებმა და კრების შემდგომ კრება მთავარ თემად აქციეს და ჩვენს ნაცვლად დაიწყეს საუბარი. ხალხს ავიწყებენ საქვეყნო პრობლემებს  და მთელი სატელევიზიო სივრცე, სახელისუფლებო პრესა უჭირავს  ინტრიგას, ოპოზიციის ერთმანეთზე გადაკიდებას. ხალხს ავიწყებენ ხელისუფლებას და გესლიანი ისარი მიმართეს რეალური ოპოზიციის წინააღმდეგ.


გერმანიის, იტალიის, ესპანეთის XX საუკუნის დასაწყისს საოცრად ჰგავს საქართველოს XXI საუკუნის დასაწყისი.

XXI საუკუნის ფაშიზმი განსხვავებულია XX საუკუნის ფაშიზმისაგან, თუმცა ორთავე სისხლს უკავშირდება. ერთმა სისხლი დაღვარა, მსოფლიო სისხლის მდინარეებად აქცია, მეორეც სისხლთან ასოცირდება, უარესიც: სისხლს აშრობს და უკვე სისხლის სმასაც იწყებს.

ოდითგან საქართველოში ყველაზე მძიმე წყევლად ითვლებოდა: „შენი სისხლი გაშრა“, ხოლო როცა ადამიანები ერთმანეთს ეტყოდნენ: „შენს სისხლს დავლევ“ - ეს უკვე იყო ომის დასაწყისი.

ფაშიზმის იდეოლოგიის მამამთავარი, გებელსი - აზროვნებით სოციალისტი, თავს კომუნისტად თვლიდა, დრომ ნაციონალ-დემოკრატად აქცია (დამაფიქრებელია საქართველოს სინამდვილისათვის)...  კაცობრიობას ახსოვს მისი გამოთქმა: „ისე უნდა ილაპარაკო, რომ ადამიანს ლამპა მზედ მოეჩვენოს...“  (საქართველოც ხომ სატელევიზიო კეთილდღეობის ეპოქაში ცხოვრობს).

გვახსოვს გებელსის პროპაგანდის პრინციპები: 1. სიმარტივე (სახელისუფლებო ტელევიზიები ამის, უფრო სწორად, პრიმიტივიზმის ნიმუშია), 2. შეზღუდვა          (არ გაუშვა, რაც არ გაწყობს). 3. გამეორება (რაც გაწყობს, მუდმივად იმეორე).

სხვას რამეს ნიშნავს ან სააკაშვილის გამოსვლები, ან სახელისუფლებო ტელევიზიების იდეოლოგია? ტყუილი, მხოლოდ ტყუილი...  რაც არ უნდათ, არ უშვებენ... ვინც არ მოსწონს სააკაშვილს, ეკრანს არ აკარებენ... ძირითადი წამყვანები შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანთა ცოლები, მინისტრის ფანები, მისი მეგობრები, სამინისტროსაგან, საბანკო სესხებით დავალებულნი, მოკლედ რომ ვთქვათ - მონები არიან... გადაცემების ყურებისას აზროვნება არ არის საჭირო, მთავარია, პირი გააღო და იცინო... ერთი სიტყვით, ხალხს აჩლუნგებენ, უნიჭო უცხოური სერიალებით  და უდავოდ ნიჭიერ მსახიობთა მონაწილეობით შექმნილი უნიჭო გადაცემებით. ქვეყანა სატელევიზიო აღმშენებლობის ეპოქაში ცხოვრობს. უკვე ოჯახშიც კი ვეღარ ეგუებიან და უპირისპირდებიან ერთმანეთს  ისინი, ვინც ამ მართლაც მძიმე, სასაცილო, მაგრამ  დამაჩლუნგებელ გადაცემებს უყურებენ და ისინი, ვინც ამას არ აკეთებენ. ხალხს ექმნება შთაბეჭდილება, რომ მსოფლიო ინგრევა, ყველგან წარღვნაა და ერთადერთი საქართველოშია შენება. სამწუხაროდ, ყველაფერი პირიქითაა.

ვინანებთ ამ, ერთი შეხედვით მარტივი და უწყინარი გადაცემების გამო, მაგრამ უკვე გვიან იქნება: საქართველო იქნება დანგრეული ოჯახების, დანაწევრებული ცნობიერების, ეროვნული აზროვნებისაგან თავისუფალი და გონებაჩლუნგი კოსმოპოლიტების ქვეყანა...

ჰიტლერმა ფაშიზმის იდეოლოგი, გებელსი სწორედ განათლების მინისტრად დანიშნა. 2003 წლის შემდგომ საქართველოში განალების მინისტრად მხოლოდ სოროსელი, მხოლოდ „თავისუფლების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი ინიშნება. დღეს საქართველოს განათლების მინისტრი არის არა მარტო სოროსელი, არამედ ციხეების ყოფილი უფროსი, რომელიც წარმატებულად ამსგავსებს სკოლას ციხეს, რომელიც სკოლის დირექტორებს მათიისხლის დალევით ემუქრება.  მანდატურის ინსტიტუტით ბავშვებს უშრობენ სისხლს, „ნაციონალური“ რეჟიმის დაცვისათვის დირექტორების სისხლის სმას იწყებენ.

თანამედროვე ფაშიზმია საკუთარი ხალხის გაწირვა, საკუთარი ქვეყნის გასხვისება. მსოფლიო ბანკმა პირველი ადგილი მოგვცა სწორედ იმაში, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი ქვეყანა ადვილად გასაყიდი გახადა.

თანამედროვე ფაშიზმია, ის, რაც ხელისუფლებამ გააკეთა 2007 წლის 7 ნოემბერს, როცა საკუარ ხალხს ესროლა... ის, რაც ხელისუფლებამ გააკეთა  2008 წლის 8 აგვისტოს, როცა საკუთარი ქვეყნის ტერიტორია დაბომბა
თანამედროვე ფაშიზმია, როცა სოციალურ და სულიერ განსაცდელს უწყობ საკუთარ ხალხს, როცა ძალის დემონსტირებისათვის ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდა ბიჭებს ხოცავ და მათ მკვლელებს აწინაურებ, როცა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს  ათასგვარი ხრიკებით საიქიოს ისტუმრებ. ამას აკეთებს სააკაშვილი და მისი  (და არა ხალხის) ხელისუფლება.

ღმერთმა ქნას, მე ვცდებოდე სააკაშვილის შეფასებაში და ის ხალხი იყოს მართალი, ვინც ჩემ პოზიციას არ იზიარებს, მაგრამ ვეჭვობ, რომ მოაზროვნე ადამიანი შეწუხებული არ იყოს შექმნილი მდგომარეობით, არ აწუხებდეს თუნდაც ის, რომ მხარი დაუჭირა არჩევნებში შეწუხებული არ იყოს თუნდაც იმით, რომ პრეზიდენტმა საკუთარი ტყუილები დაიჯერა და საქართველო აყვავებული და ძლიერი ქვეყანა ჰგონია. რაც შეეხება კერპთაყვანისმცემლებს, მათ აზრი არ შეეცვლებათ და, რაც მეტად აკრიტიკებენ სხვები მიხეილს, მით უფრო მეტად უყვარდებათ იგი. მაგრამ ეს ხომ ავადმყოფობაა.

იქნებ, სიტყვა ფაშიზმი პრეზიდენტის შეფასებასთან მიმართებაში ბევრს გადაჭარბებულად მოეჩვენა (ალბათ არა ყველას), მაგრამ ვთხოვ ყველას, მათ შორის მის მიმართ კეთილ განწყობილთაც და საერთოდ ურწმუნო თომებსაც თავად გააკეთონ ანალიზი, იმისა: ვინ, რა ძალები მართავენ ქვეყანას და როგორია კლასიკური გაგებით დემოკრატიული და დიქტატორული ქვეყანა და, მეორეს მხრივ, თუ რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში ამერიკელი და ბრიტანელი ექსპერტების მიერ შედგენილი ფაშიზმისაკენ სვლის ათპუნქტიანი ინსტრუქციიდან გამომდინარე.

დავიწყოთ მეორეთი. მე ყოველგვარი კომენტარის გარეშე გაწვდით ბრიტანულ პოპულარულ გარდიანში გამოქვეყნებულ ამ  10 პუნქტს:

პირველი: შექმენით შიდა და საგარეო მტრის შემაშინებელი სახე;

მეორე: ააშენეთ ციხეები გულაგის მსგავსი აუტანელი პირობებით;

მესამე: შექმენით ხალხის შესაშინებლად საკუთარი მოიერიშე ბრიგადები;

მეოთხე: მოახდინეთ მოქალაქეებზე თვალთვალი;

მეხუთე: მოსვენება არ მისცეთ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს;

მეექვსე: მოაწყვეთ თვითნებური დაჭერები და გათავისუფლებები;

მეშვიდე: შეაშინეთ ინტელიგენცია, მოაზროვნე ადამიანები;

მერვე: დააწესეთ კონტროლი მედიის საშუალებებზე, განსაკუთრებით ტელევიზიაზე;

მეცხრე: სხვანაირად აზროვნება აქციეთ სამშობლოს ღალატის სინონიმად;

მეათე: მთელ ძალაუფლებას საკუთარ ხელში მოუყარეთ თავი.

დასავლელი ექსპერტები თვლიან, რომ ხელისუფლებას, რომელიც ამ პუნქტებს იცავს ქვეყანა ფაშიზმისაკენ მიჰყავს.

რაც შეეხება იმას, ვინ, რა ძალები მართავენ დღეს ქვეყანას და როგორია კლასიკური გაგებით დემოკრატიული და დიქტატორული ქვეყანა.

ყოველ სახელმწიფოს მართავს იმ ქვეყნის ელიტა. ნუ გვაშინებს ეს სიტყვა. მმართველი ელიტის ხუთი ძირითადი სახეობა არსებობს:

·         ინტელექტუალური ელიტა,
·         ეკონომიკური ელიტა,
·         ლიტიკური ელიტა,
·         ბიუროკრატიული ელიტა,
·         სამხედრო ელიტა.

დემოკრატიული ქვეყანა ჰქვია იმ ქვეყანას, სადაც მმართველობა პირველ სამს ეკუთვნის მომავლის ქვეყანა იმას, სადაც ინტელექტუალურია, ხაზს ვუსვამ, ინტელექტუალურია ეკონომიკური ელიტაც და პოლიტიკური ელიტაც და ასეთი ინტელექტუალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ტანდემი მართავს ქვეყანას (სწორედ ისინი ახდენენ სასწაულს იაპონიაში). არსად დემოკრატიული არ ჰქვია ქვეყანას, სადაც მმართველობაში პირველ სამიდან ერთ რომელიმე ბოლო ორის - ბიუროკრატიული ელიტისა და სამხედრო ელიტის, თუნდაც ერთი გაერევა.  დიქტატორულია ის ქვეყანა, სადაც ქვეყანას ან ბიუროკრატიული, ან სამხედრო ელიტა და, მით უფრო, თუ ორივეს ტანდემი  მართავს

ეხლა მითხარით ვინ არის ჩვენს ხელისუფლებაში მმართველი ძალა? არა მგონია, რომ ამ ხელისუფლებაზე შეყვარებულმაც და, თუნდაც, კერპთაყვანისმცემლებმაც (თუ მათში ოდნავ მაინც არის სინდისი), თქვან, რომ საქართველოს მართავს ინტელექტუალური ელიტა, ან ეკონომიკური ელიტა, ან პოლიტიკური ელიტა, ან საერთოდ რომელიმე ელიტა  

საქართველოს დღეს მართავს ქვეყნის გარედან კონტროლირებადი კასტა, პრაქტიკულად იატაკქვეშა პოლიტიკური ძალა, პრეზიდენტის აპარატისა და მაღალჩინიანი პოლიციელების, პროკურატურის და სამხედრო ჩინოვნიკების ხელით. მართალი გითხრათ, კლასიკური გაგებით ბიუროკრატიული ელიტისა და სამხედრო ელიტის შეურაცხყოფა იქნებოდა, რომ პრეზიდენტის აპარატისათვის ბიუროკრატიული ელიტა და ადმინისტრაციული ორგანოების მაღალჩინოსნებისათვის სამხედრო ელიტა გვეწოდებინა.

საქართველოში დღეს პოლიტიკური ფუნქცია აქვს არა რომელიმე დღეს მოქმედ პოლიტიკურ ძალას, არა პარლამენტს, არა პრეზიდენტის ინსტიტუტს, არამედ პოლიციას, პროკურატურას, საგადასახადოს და საბაჟოს, სასამართლოს, სამხედრო გენერალიტეტს. რეალური პოლიტიკური ფიგურა არის პოლიციის მინისტრი.

არა მგონია ვინმესთვის საეჭვო იყოს, რომ დღეს ქვეყნის მმართველი ძალა ეს არის მოქკავშირის”, აღორძინების”, კმარას”, თავისუფლების ინსტიტუტის”, მხედრიონის”, პარტიის რაიკომის პირველი მდივნების გასოროსებული შვილები, სხვა ხელისუფლებაში არავინ არ არის. ფაქტია, რომ ჭარბობს სოროსული ძალები (“კმარა”, თავისუფლების ინსტიტუტი”, რაიკომის მდივნების გასოროსებული შვილები) პრაქტიკულად მათი კარნახით ინიშნებიან, გადაადგილდებიან მაღალ თანამდებობებზე პაიკები, თუნდაც იმის გამო, რომ პრეზიდენტი სააკაშვილიც სოროსელია - იყო შევარდნაძის შვილობილი (არ გამოვრიცხავ შეიძლება დარჩა კიდეც) - გახდა სოროსის.

ვინ არის სოროსი? მსოფლიოში ცნობილი მაქინატორი, თანამედროვეობის ლენინი.

კომუნისტობა არც პარტბილეთია და არც კომუნისტური პარტიის წევრობა. კომუნისტობა კომუნისტური აზროვნებაა. სწორედ ეს არის საშიში, მით უფრო, როცა საქართველოს ხელისუფლებაზე მთავარ ზეგამვლენს თანამედროვეობის ლენინი ჰქვია.

ფაშიზმი ის კი არ არის, რომ გვიჭირს, არამედ ის, რომ კანონი ერთ - მოსახლეობის დიდ ნაწილს - აღარიბებს, ამათხოვრებს, თავმოყვარეობას ულახავს, სისხლს უშრობს და სასაფლაოს გზას უყენებს, ხოლო მეორე - უმცირეს ნაწილს კი ამდიდრებს, ფუფუნებაში აცხოვრებს, ყველაფრის უფლებას აძლევს. ფაშიზმია ის, რომ მოსახლეობის 80 პროცენტს არ აქვს საარსებო მინიმუმი, პენსიონერისამომხმარებლო კალათა თითქმის 20- ჯერ და მასწავლებელი 10-ჯერ ნაკლებია, ვიდრე დასავლეთის ნებისმიერ ქვეყანაში და ხელისუფლების მაღალ ეშელონებში კი საარსებო მინიმუმზე 20, 30, 40 -ჯერ და არცთუ იშვიათად, 50 - ჯერ მეტს იღებენ. ფაშიზმია ის, რომ ქვეყნის დამსახურებული ადამიანები, რომელთა მიერ არის შექმნილი ყველაფერი ის, რასაც ასე უმოწყალოდ ყიდის დღევანდელი ხელისუფლება, იღებდეს 80-100 ლარს და ისინი, ვისაც ნგრევის მეტი არაფერი არ მოუტანია და წინა თაობების შექმნილის გაყიდვით არის დაკავებული _ 200, 300, 400-ჯერ და, არც თუ იშვიათად, 500-600-ჯერ მეტს. ფაშიზმია, როცა ღარიბი ქვეყნის მინისტრის ყოველთვიური შემოსავალი ჭარბობს ევროპის სახელმწიფოების და უტოლდება ამერიკის შეერთებული შტატების მინისტრის ხელფასს და ქართველი პენსიონერი კი თვეში იღებს იმდენს, რამდენსაც ამერიკაში საშუალო მუშა სამ საათში, როცა ქართველი მასწავლებლის ყოველთვიური ხელფასი ამერიკელი საშუალო მუშის ხუთი საათის ხელფასის ტოლია ფაშიზმია, როცა მოსახლეობის 80 პროცენტში გაჭირვების გამო ცოდვის ტირილია და ამ დროს ხელისუფალთა უმრავლესობა  -პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, მთავრობის არა ერთი წევრი და ხელისუფლების მაღალი ეშელონის წარმომადგენელი - თანამდებობებზე ყოფნის პერიოდში მილიონერები გახდნენ ფაშიზმია, როცა, პრაქტიკულად, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელიც აწყობს რამდენიმე ასეულ კაცს, დანარჩენები განწირულნი არიან.

ფაშიზმია ის, რომ ლუკმა-პურის შოვნაც და მილიონრად გახდომაც მხოლოდ ღირსების დაკარგვით, მონობით შეიძლება. ფაშიზმია ის, რომ გაჭირვებამ ხალხი პურზე და წყალზე გადაიყვანა და პირველი (ანუ პური) იმაზე მეტად უხარისხოა, ვიდრე ეს ადამიანის გონებას შეუძლია წარმოიდგინოს და მეორე  (ანუ წყალი) არ იფილტრება, დაუჯერებელია, მაგრამ სწორედ რომ არ იფილტრება. ეს არის გენოციდი. XX  საუკუნის ფაშიზმისაგან განსხვავებით, XXI საუკუნის ფაშიზმი საკუთარ ხალხს და ქვეყანას ებრძვის.

კიდევ ერთი, ჩემი აზრით, საშინელი სიმპტომის თაობაზე განსჯისა და განხილვისათვის. ჩემს თაობას 20–იანი, 30-იანი და 40-იანი წლების ბოლშევიკები მხოლოდ ფილმებსა და წიგნებში თუ გვინახავს. სააკაშვილს, ბოკერიას, თარგამაძეს, ლომაიას, მერაბიშვილს, რურუას, არველაძეს, უგულავას, ადეიშვილს, გილაურს, გვარამიას, ნადირაძე  და ბევრ სხვა დღევანდელ ხელისუფალს რომ აკვირდები, ისმენ მათ ცინიზმით სავსე კაცთმოძულე გამოსვლებს, ფიქრობ, რომ სწორედ ესენი არიან ისინი, ვინც ფილმებში გვინახავს, როგორც 20-იანი წლების ბოლშევიკები. ყოველ შემთხვევაში აზროვნების სტილში, გამონათქვამებში, კატეგორიულობაში, ცინიზმში, აგრესიაში განსხვავება არ არის. სწორედ ეს არის დამაფიქრებელი: ხალხი, რომელიც არ ცხოვრობდა ბოლშევიკების ეპოქაში ბოლშევიკებზე დიდი ბოლშევიკები არიან დღეს. ეს ნეობოლშევიზმია

კაცობრიობის ისტორია და გამოცდილება ადასტურებს: ვინც წარსულს აანალიზებს - მომავლით და მომავალში ცხოვრობს, ხოლო ის, ვინც წარსულს უარყოფს - წარსულით და წარსულში. სააკაშვილი და მისი რეჟიმი უარყოფს წარსულს და ამიტომ ცხოვრობს წარსულით და წარსულში. ამიტომ არიან ისინი ბოლშევიკები.
სააკაშვილი, როგორც 20-იანი წლების ბოლშევიკები, მტრის ხატის კატეგორიებით აზროვნებს. ხშირად ამბობს: მტრები გვყავს ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც”, მტრების ჯინაზე”, მტრებს უნდა ჩვენი შეხრამუნება”, და .

  • ლენინი ინტელიგენციას ГАВНО უწოდებდა, სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ჩასარეცხებს”.

  • ბოლშევიკები მოითხოვდნენ სისასტიკეს მათი მოწინაღმდეგეებისა და განსაკუთრებულად მოაზროვნე ადამიანებისადმი ზუსტად ასეა დღესაც.

  • ბოლშევიკები თანამდებობებზე მხოლოდ ბოლშევიკს ნიშნავდნენ, ნაციონალები მხოლოდ ნაციონალებს;

  • ბოლშევიკები თანამდებობებზე უმეტეს წილად კომპრომეტირებულ ადამიანებს ნიშნავდნენ ეს არის ნაციონალების ოქროს წესი”_კომპრომეტირებულთა მართვა ადვილია, ყურმოჭრილი მონები არიან

  • ბოლშევიკები ყოველმხრივ ცდილობდნენ პოლიტიკურ პროცესში ინტელიგენციის მონაწილეობის შეღუდვას, პირველ ეტაპზე ახერხებდნენ კიდეც მათ დარწმუნებას იმაში, რომ პოლიტიკა არ არის ინტელიგენციის საქმე. ეს იყო ყველაზე მზაკვრული ბოლშევიკური გამოგონება”. ნაციონალები ამ ბოლშევიკური გამოგონების არნახული ერთგულები არიან დღეს.

  • ბოლშევიკებმა იცოდნენ, რომ დამშეული ხალხის მართვა ადვილი იყო, რომ ჯერ უნდა დაამშიო, მერე უფასო სასადილოში მიიპატიჟო, ქუჩა გართობის ადგილად აქციო, ანუ პური და სანახაობა იყო მათი ფოჩიანი კამფეტი”… ბოლშევიკებსაც გაუკვირდებოდათ, თუ როგორი ოსტატობით აკეთებენ ამას XXI საუკუნის დასაწყისში ნაციონალები”…

  • ლენინს, (ბოლშევიკებს საერთოდ) ხალხისთვის მოსაჩვენებლად უყვარდათ ბავშვებზე საუბარი, ბავშვებში ყოფნა, ბავშვების ხელში აყვანა, პიონერული ბანაკების შექმნა”, პატრიოტთა ზეიმების მოწყობა ამბობდნენ ყველაფერი საუკეთესო ბავშვებსო”, მაგრამ მხოლოდ ამბობდნენ. ზუსტად იგივე ხდება დღესაც.

  • ბოლშევიკებს უყვარდათ ქონების ჩამორთმევა, განკულაკება, დაჭერები, ციხეების მშენებლობა. დღევანდელ ხელისუფლებაც იგივეს აკეთებს.

  • ბოლშევიკებ ხალხს სამოთხეს ჰპირდებოდნენ, ასეთივე დაპირებები გვესმის დღესაც. რა სამოთხეც ბოლშევიკებმა შექმნეს იგივეს შექმნიან დღევანდელი დამპირებლებიც.

  • ლენინს, ბოლშევიკებს უყვარდათ ხალხში ყოფნა, ხალხოსნობა”… ამბობდნენ: ხელმძღვანელის კაბინეტი ხალხშიაო”, საჯარო გამოსვლებში უყვარდათ იმის ხაზგასმა, ხალხი ბრძენია”, ხალხი კარგად ხედავს რეალობაში კი ხალხს ბრბოდ თვლიდნენ არნახული სიზუსტით იცავს სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ამ ბოლშევიკურ მონაპოვარს - ტრიბუნაც კი ქუჩაში, მინდორში, ტყე-პარკებში გაიტანა.

  • ბოლშევიკები თვლიდნენ, რომ ყველაფერში პირველები იყვნენ და რომ მათგან იწყებოდა ცხოვრების ათვლა…… ამბობდნენ, რომ პირველები იყვნენ ეკონომიკის ზრდის ტემპითაც, ხალხის ცხოვრების ზრდის დონითაც, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაშიც, წესრიგიც საუკეთესო ჰქონდათ და აშენებდნენ ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანას. ასეთ გამონათქვამებშიც სრული თანხვედრაა დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან.

  • ბოლშევიზმის საყრდენი პავლიკ მოროზოვობა იყო. ნაციონალი დამსმენის, ჩამშვების, გამყიდველობის სინონიმი გახდა.

  • ლენინის, სხვადასხვა ქვეყნების კომუნისტთა მიერ შექმნილი კომუნისტური ინტერნაციონალის ჰიმნის სახელწოდება იყო _ ჩვენი გადამწყვეტი ბრძოლა /наш решительный бой/ როგორც ამბობენ, ლენინს, სხვა კომუნისტურ ბელადებს ამ სახელწოდების არა ერთი სტატია აქვთ გამოქვეყნებული - მიხეილ სააკაშვილმა თავის წიგნს შევარდნაძის მინისტრობისას მაშინდელი ფინანსთა მინისტრის - სახელმწიფო ფულით გამოცემულ რევოლუციურ  წიგნსაც ასე უწოდა -“გადამწყვეტი ბრძოლა”. როგორც იტყვიან, შემთხვევით არაფერი ხდება. . .

ფაშიზმს, ბოლშევიზმს, საერთოდ ტირანიას, დესპოტიზმს ისტორიულად აქვს ერთი საერთო პრინციპი: დაყავი და იბატონე”. ჩვენ მძიმე ისტორიის ქვეყანა ვართ, მაგრამ ძნელად თუ წარმოვიდგენთ პერიოდს, როცა ასე დანაწევრებული იყო ხალხი, ასე დანაწევრებული იყო ქართული ცნობიერება. დღევანდელმა  ნეობოლშევიკურმა ხელისუფლებამ ხალხის დაყოფის, დანაწევრებისა და დაპირისპირებისათვის კონკურსების სისტემაც და, თქვენ წარმოიდგინეთ, ელექტროენერგიის, გაზის და წყლის გამრიცხველიანებაც კი გამოიყენა. კონკურსებით მეგობრები და გამრიცხველიანებით კი მეზობლები დააპირისპირა, მტრებად აქცია, სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდა ერთმანეთს. აი ფაშიზმი და მისი იდეოლოგია მოქმედებაში. ფაშიზმის მთავარ იდეოლოგს გებელსსაც კი შეშურდებოდა კონკურსებისა და გამრიცხველიანების სააკაშვილ-ლომაიასებური სისტემა

ბოლშევიკებსა და დღევანდელ ხელისუფლებას შორის მსგავსების დამადასტურებელი მაგალითების გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ, ვფიქრობ, ნათქვამი საკმარისია იმის დამადასტურებლად, რომ, თუ სწორი დასკვნები არ გავაკეთეთ სწორედ რომ ასეთი ალტერნატივის წინაშე დავდგებით: ფაშიზმი ან რევოლუცია. ფაშიზმიც პოლიტიკური პროცესია და რევოლუციაც, მაგრამ ორთავე არაადამიანური და დამანგრველი.

ფაშიზმს უბედურების მეტი არაფერი მოუტანია. არც რევლოუციას მოუტანია არც ერთი ქვეყნისა და ხალხისთვის სიკეთე და ბედნიერება. ამის მაგალითი საქართველოა. საქართველოში ბედნიერია (ალბათ დროებით) ხელისუფლებაში მყოფი, უბედურია ხალხიჯერჯერობით ბედნიერად თვლის თავს ისიც, ვისთვისაც რევოლუციას უბედურება არ მოუტანია, მაგრამ მხოლოდ ჯერჯერობით.

მთელი ხალხის, უპირველესად განათლებული და მოაზროვნე ადამიანების დიდი ეროვნული ძალისხმევაა საჭირო, რომ არც რევოლუცია მოხდეს და არც ფაშიზმის გზით ვიაროთ. მდგომარეობა იმაზე უარესია, ვიდრე წარმოგვიდგენია, არადა, ვინც კარგ დროს ელოდება, ცუდს ახანგრძლივებს.

ეროვნულმა კრებამ - წარმომადგენლობითმა სახალხო  კრებამ დაიწყო დიდი პროცესი. ვფიქრობ, ეს არის განახლებული ეროვნული მოძრაობა, რეალური დემოკრატია და ინტელექტუალური რადიკალიზაცია.

პირდაპირ ვპასუხობ ხალხში მოარულ კითხვას: „გვეშველება?“

დავიბრუნოთ ღირსება და გვეშველება!

ვინც კარგ დროს ელოდება - ცუდს ახანგრძლივებს.

ბრძოლა საბოლოო გამარჯვებამდე დიდი ქართული გაზაფხულისათვის!


ახალი პოლიტიკური ძალა „თეთრი მოძრაობა“ („თეთრები“)

თემურ შაშიაშვილი
2010 წლის 3 დეკემბერი

Комментариев нет:

Отправить комментарий